ონლაინ რესურსები

აჭარული წეს-ჩვეულებები

აჭარული წეს-ჩვეულებები
ქორწილი უმნიშვნელოვანესი დღეა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. განსხვავებულია ამ დღის აღნიშვნის წესები სხვადასხვა ქვეყანაში. ქართველებს კი როგორც ერთ-ერთ უძველეს ხალხს, შესაბამისი საქორწილო რიტუალი, წეს-ჩვეულებები შეუქმნიათ.
აჭარაში ეთნოგრაფიული მონაცემებიდან დგინდება, რომ აჭარული ქორწინება საქართველოს სხვა კუთხეებში არსებული ქორწინების იდენტურია: მშობლების წინასწარი მოლაპარაკება, მზითევი, ნიშნობა, მისი ცერემონიალი და სხვა.
ქალის ოჯახში მისული ელჩი ანუ მაჭანკალი თანხმობის მიღებისთანავე სარძლოსთვის ბეჭედს, მძივს ან ,,ალთუნს“ ოქროს მონეტას ტოვებდა. ქალის ოჯახი კი სასიძოს წინდებს უგზავნიდა, რის შემდეგაც მიჰქონდათ ნიშანი. ნიშნობისთვის სპეციალურად არჩევდნენ პარასკევს ან შაბათს, მთვარე სავსე უნდა ყოფილიყო.
 ნიშანში შედიოდა სამკაულები: ბეჭდები, საყურეები, გულსაკიდი, ოქროს ან ვერცხლის ძეწკვი, სასურველი იყო კენტი რაოდენობის ალთუნები, რომელთაც დანიშნული შუბლზე იკიდებდა, ნიშნობის ატრიბუტი იყო ვერცხლის ქამარიც. ნიშნის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენდა საჩუქარი დანიშნულის დედისთვისაც.
ნიშნობას სადღესასწაულო ხასიათი ჰქონდა და თითქმის ქორწილის მასშტაბისა იყო. ზემო აჭარაში ხშირად ნიშნობაზევე ხდებოდა ქორწინების ოფიციალური გაფორმება, ე.წ. ,,აღდის გაჭრა“, რომელიც შეიძლებოდა გაკვეთილიყო ნიშნობაზე, ნიშნობის შემდეგაც და ქორწილზეც.
იქმნებოდა ქორწინების დოკუმენტი, რომელიც წინასწარვე ითვალისწინებდა გაყრის შემთხვევაში ქმრისგან გარკვეული რაოდენობის თანხის გადახდას ცოლისთვის. მასში აღინიშნებოდა, ასევე, ვაჟის ოჯახის მიერ ქალის მზითევისთვის გაღებული თანხა.
ქალ-ვაჟის დანიშვნა შეიძლებოდა ყოველ ასაკში. ნიშნის მიტანა დანიშნულთა საქორწინო ასაკში შესვლის დროს ხდებოდა. აღსანიშნავია ,რომ საქართველოს ნებისმიერ ეთნოგრაფიულ ყოფაში არსებობდა მსგავსი წესები.
დანიშნული ქალი გათხოვილად ითვლებოდა, ვაჟი-ცოლიანად. ნიშნობის დარღვევა დანაშაულად მიიჩნეოდა და სახელს უტეხდა უარისმთქმელის ახლობლებს. ქალს 12-14 წლის ასაკიდან აუცილებლად თავდახურული უნდა ევლო, მით უმეტეს დანიშნულს.
მთხოვნელ ოჯახს ნიშნობის დღიდანვე ქალის ოჯახის მიმართ ჭირსა და ლხინში სავალდებულო ურთიერთდახმარების გაწევა ევალებოდა. იგი ვალდებული იყო სარძლოს ოჯახი საჩუქრებით მოენახულებინა ყველა სახალხო თუ რელიგიურ დღესასწაულზე. რამდენიმე ხნით სარძლოც გადმოდიოდა მათთან და საპასუხოდ ძღვენს ურიგებდა.
წესით დედოფლის საქორწილოდ მორთვა ( საქორწილო ჩასაცმელის სრული კომპლექტის გაგზავნა) ვაჟის ოჯახს ევალებოდა, რასაც ,,ბოხჩის მიტანა“ ეწოდებოდა.
ისტორიული განვითარების სხვადასხვა საფეხურზე, დროთა განმავლობაში წეს-ჩვეულებათა უმეტესობა შეიცვალა, ზოგიც ახლებურად იქნა გადააზრებული, თუმცა დღესაც დიდ ყურადღებას იპყრობს ის ორიგინალური საქორწილო წეს-ჩვეულებანი, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვისაა დამახასიათებელი.

გაზიარება