მისი ჩანაწერები საუკუნეებს გაუძლებს
„მუზეუმის საინვენტარო წიგნები”- სავსებით საკმარისია იმისათვის, რითაც შეიძლება დავიწყოთ საუბარი ნახევარსაუკუნოვანი ნამოღვაწარი ქალბატონისა, რომელმაც უდიდესი ღვაწლი დადო აჭარის სახელმწიფო მუზეუმის სამეცნიერო ფონდების სრულყოფის საქმეში. ნაზი ლორთქიფანიძე მუშაობდა ლაბორანტად, ბიბლიოთეკის გამგედ, ფონდების მთავარ მცველად. 49 წლიანი სამუზეუმო-საფონდო მუშაობა იყო მისი ცხოვრების ძვირფასი წლები, რამაც სრულყო მუზეუმის საცავები. თავისი ცხოვრებისა და სამუზეუმო საქმიანობის ყველაზე დიდ მასწავლებლად ყოველთვის თვლიდა ბატონ ხარიტონ ახვლედიანს. ეს ის პერიოდია (გასული საუკუნის 70-80-იანი წლები), როდესაც მუზეუმმა შეგროვებითი მუშაობის მიმართულებით მაღალ ნიშნულს მიაღწია. გასვლით ექსპედიციებმა ფონდსაცავები შეავსო სამუზეუმო მნიშვნელობის კოლექციებით ყველა მიმართულებით: ბუნება, ეთნოგრაფია, ფოტოთეკა, არქეოლოგია, ხელნაწერი და დოკუმენტურ მასალათა ფონდი. ყოველივე ამან განაპირობა აჭარის სახელმწიფო მუზეუმის საფონდო პოლიტიკის ჩამოყალიბება. მის ხელში გამოიარა სამუზეუმო ინსტრუქციებმა, რომელთა მეშვეობითაც ქმნიდა სამუზეუმო კოლექციების აღრიცხვიანობის სისტემას მუზეუმში. ახდენდა შემოსული ნივთების დახარისხებას, კოლექციების დიაპაზონის განსაზღვრას, ისტორიული ხასიათის კოლექციების ქრონოლოგიურ და გეოგრაფიულ ჩარჩოებს, რომელსაც აგროვებს მუზეუმი.