მუზეუმის შესახებ

    ხელოვნების მუზეუმი თანამედროვე ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერაა. მის ფონდებში  დაცული ექსპონატები ქმნის სოლიდურ კოლექციას, რომელიც იძლევა ნათელ წარმოდგენას XX საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების ძირითად ეტაპებზე.
     მუზეუმი განთავსებულია ბათუმის ერთ-ერთ ისტორიულ შენობაში, რომელიც დაპროექტებულია ცნობილი არქიტექტორის კახა ჯავახიშვილის მიერ 1949 წელს. ეს მონუმენტური ნაგებობა ხასიათდება მკაცრი, დახვეწილი არქიტექტონიკით, დეკორის სისადავით, ფასადს ამშვენებს გამოჩენილი მოქანდაკის თამარ აბაკელიას მიერ 1951-52 წლებში  შესრულებული რელიეფური ფრიზი. მუზეუმის ინტერიერი ერთიან დიდ სივრცეს წარმოადგენს. ცენტრში საპარადო კიბეა, რომელსაც ჭერში დატანებული ორნამენტული ვიტრაჟი ანათებს. შენობის ექსტერიერის და ინტერიერის გაფორმება შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების  მოტივებით არის შთაგონებული.
ხელოვნების მუზეუმი ოფიციალურად გაიხსნა 1998 წლის 19 დეკემბერს.

    2023 წლის იანვარიდან ხელოვნების მუზეუმში განახლებული ექსპოზიცია გაიხსნა. მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში წარმოდგენილია XIX-XX  საუკუნეების ქართველი და უცხოელი მხატვრების ნამუშევრები მუზეუმის ფონდიდან. პირველი სართული დაეთმო უცხოელი ოსტატების ფერწერულ ნამუშევრებს: რიჰარდ ზომერი, ბორის ფოგელი, გაბრიელ შახინგერი, სტეფან ბაკალოვიჩი, ჩარლზ ლეიკერტი, ა.ლ. ტერნი და სხვა ოსტატები, რომლებიც ძირითადად კლასიცისტურ, სალონურ-აკადემისტურ და რეალისტურ მანერაში მუშაობდნენ.

   მეორე სართულზე წარმოდგენილია სხვადასხვა თაობის შესანიშნავ მხატვართა მთელი პლეადა: ნიკო ფიროსმანი, გიგო გაბაშვილი, მოსე თოიძე, დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, ზურაბ ნიჟარაძე, დიმიტრი ერისთავი, რადიშ თორდია, ნიკოლოზ იგნატოვი, ესმა ონიანი, გია ბუღაძე, რუსუდან ფეტვიაშვილი და სხვა ოსტატები, რომლებმაც ქართულ ხელოვნებას საქვეყნოდ გაუთქვეს სახელი.

     2015 წლის 26 მაისს ხელოვნების მუზეუმს ახალი სამხატვრო გალერეა შეემატა. ეს ნაგებობა მუზეუმის ისტორიული შენობის ჰარმონიული გაგრძელებაა, რომელშიც დაცულია მისი არქიტექტურულ-სტილისტური ნიშნები. გალერეის გახსნის დღიდან მუზეუმის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო _ აქ სისტემატიურად ხორციელდება სხვადასხვა სახის საინტერესო პროექტები, რაც სამუზეუმო საქმეს კიდევ უფრო თანამედროვეს, მრავალფეროვანს და ინტენსიურს ხდის.