მუზეუმის შესახებ

აჭარის ხელოვნების მუზეუმი თანამედროვე ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერაა. მის ფონდებში  დაცული ექსპონატები ქმნის სოლიდურ კოლექციას, რომელიც იძლევა ნათელ წარმოდგენას XX საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების ძირითად ეტაპებზე.
   მუზეუმი განთავსებულია ბათუმის ერთ-ერთ ისტორიულ შენობაში, რომელიც დაპროექტებულია ცნობილი არქიტექტორის კახა ჯავახიშვილის მიერ 1949 წელს; მასში თავდაპირველად რევოლუციის სახელმწიფო მუზეუმი (1955 _ 90წწ.) ფუნქციონირებდა. ეს მონუმენტური ნაგებობა გამოირჩევა თავისი ფუნქციონალური სტრუქტურით და ესთეტიკური გამომსახველობით. იგი ხასიათდება მკაცრი, დახვეწილი არქიტექტონიკით, დეკორის სისადავით. ფასადს ამშვენებს გამოჩენილი მოქანდაკის თამარ აბაკელიას მიერ შესრულებული რელიეფური ფრიზი (1951 _ 52წწ.)
   ხელოვნების მუზეუმი დაარსდა 1995 წელს, დაიწყო სამუზეუმო კოლექციების შევსება. დღესდღეობით მუზეუმში წარმოდგენილია სხვადასხვა თაობის შესანიშნავ მხატვართა მთელი პლეადა _ ნიკო ფიროსმანი, გიგო გაბაშვილი, მოსე თოიძე, დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, მერაბ ბერძენიშვილი, ედმუნდ კალანდაძე, ზურაბ ნიჟარაძე, ნიკოლოზ იგნატოვი, ესმა ონიანი, გია ბუღაძე, რუსუდან ფეტვიაშვილი და სხვა ოსტატები, რომლებმაც ქართულ ხელოვნებას საქვეყნოდ გაუთქვეს სახელი.
   ხელოვნების მუზეუმი ოფიციალურად გაიხსნა 1998 წლის 19 დეკემბერს.