ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი 2007 წლის 17 მაისს გაიხსნა. იგი სწორედ იმ შენობაში განთავსდა, სადაც XIX საუკუნის 80–იანი წლებიდან დაახლოებით 1917 წლამდე. მდებარეობდა „ძმები ნობელების ნავთობსამრეწველო ამხანაგობის“ სამუშაო ოფისი, იგივე „ბათუმის კანტორა“.
1979 წლიდან ნობელები ბათუმში ჩნდებიან. იმ დროისათვის ბაქოს ნავთბმრეწველებისათვის ევროპასთან დასაკავშირებელი ყველაზე მოსახერხებელი გზა ბათუმზე გადიოდა. ნავთობის ტრანზიტისათვის ბათუმის ნავსადგურის კეთილმოწყობის მიზნით ლუდვიგ ნობელი რამდენჯერმე ჩამოვიდა ბათუმში. მან დაათვალიერა ბათუმის ნავსადგური და როგორც ტექნიკისა და მანქანათმშენებლობის მცოდნე, უშუალოდ იყო ჩართული ნავსადგურის პროექტირებაში.
მუზეუმი ასახავს იმ ტექნიკურ მიღწევებს, რომლებიც ინერგებოდა ქ. ბათუმში XIX ს. ბოლოსა და XX ს. პირველ ნახევარში, ესაა პერიოდი, როცა ბათუმი თანმიმდევრულად ყალიბდება საერთაშორისო დონის სავაჭრო, საპორტო ქალაქად. იზრდება დემოგრაფიულად, იცვლება მისი კულტურული ცხოვრება და არქიტექტურული იერი. ბათუმით ინტერესდებიან სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიები, ჩნდება სხვადასხვა სახელმწიფოთა საელჩოები.
მუზეუმი წარმოგიდგენთ სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის ბათუმში, ძმები ნობელების, ბარონი ალფონს როტშილდის, მანთაშევის, შელენგოვსკის, კომპანია „ტრუდის“ და სხვათა მოღვაწეობასთან დაკავშირებულ მასალებს. ესაა მანუფაქტურული და საფაბრიკო-საქარხნო მრეწველობის ინტენსიური განვითარების პერიოდი ბათუმში.
ეკონომიკურ ისტორიებთან ერთად, მუზეუმის თემატიკა ითვალისწინებს ქართულ-შვედური ურთიერთობების არაერთ საინტერესო დეტალს.
მუზეუმში გაეცნობით ბათუმის ოლქში საუფლისწულო მამულების განვითარების არაერთ საინტერესო ისტორიას, მათ შორის ჩინელი ლაო ჯინ ჯაოს ღვაწლს ბათუმის შემოგარენში; ჩაის პლანტაციებისა და მისი დამუშავების ტექნოლოგიებს XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან XX საუკუნის 20-იან წლებამდე; განსაკუთრებით აღსანიშნავია თამბაქოს წარმოებასთან დაკავშირებული ისტორია, აგრეთვე მასალები ფოტოგრაფიის პირველი დიდოსტატის პროკუდინ - გორსკის შესახებ.
მუზეუმი ინფორმაციული თვალსაზრისით მრავალფეროვანი და საინტერესოა სხვადასხვა პროფესიით დაინტერესებული პირებისათვის. იგი ძმები ნობელების სახელს ატარებს, შესაბამისად, სათანადო ყურადღება ეთმობა კონკრეტულად მათი და ნობელის პრემიის ლაურეატთა საქმიანობის პოპულარიზაციას რეგიონში.