აკაკი ძნელაძე - ფერწერა, რესტავრაცია. სწავლობდა პეტერბურგის ილია რეპინის სახელობის სამხატვრო ინსტიტუტში დაზგური ფერწერის რესტავრაციის განყოფილებაზე მიხაილ დევიატოვის სახელოსნოში (1979-83). მუშაობს პორტრეტის, ნატურმორტის, პეიზაჟის ჟანრში, ქმნის თემატიკურ კომპოზიციებს. სურათის განყენებულ ოქროსფერ ფონზე მკაფიოდ იკვეთება რეალისტურ მანერაში შესრულებული ბიჭუნას პორტრეტი, რომლის ბავშვური მზერა მაყურებლისაკენ არის მიმართული. კომპოზიციის მარჯვნივ, ასევე რეალისტურად დაწერილი ვაშლის ხე დგას, რომელიც თავისებურად ეხმიანება ბიბლიურ მოტივს - „ხე ცნობადისა“. ნების განმტკიცებისა და ზნეობის განვითარებისათვის ღმერთმა ადამიანს მისცა მცნება, რომ სამოთხის ერთ-ერთი ხის ნაყოფი __ ხისაგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა __ არ ეჭამა. ამდენად, წარმოდგენილ ნამუშევარში გარკვეული სიმბოლური ინტონაციები იკითხება.