ბექა ბოლქვაძე - ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, ფერწერის მიმართულებით გამოჩენილი მხატვრის გოგი თოთიბაძის სახელოსნოში (1999-2005). მუშაობს პორტრეტის ჟანრში, ქმნის სიუჟეტურ ფიგურატიულ კომპოზიციებს. ოთახის ინტერიერში ხის მაგიდას უზის ორი დამწუხრებული პერსონაჟი. მკლავებში თავჩარგული ქალის ფიგურა ზურგით არის მოცემული, მამაკაცი კი იდაყვდაყრდნობით. სარკმელს შემოუყვება დეკორატიული ფიკუსის ხეები. ნამუშევარი გადაწყვეტილია მუქ ტონალურ გამაში. სურათის სპეციფიკური შავ-თეთრი კოლორიტი და პერსონაჟთა პოზები ფერწერულ ტილოს სევდიან განწყობილებას ანიჭებს.