დიმიტრი პახომოვი (1871-1924) - მხატვარ-ილუსტრატორი, ხელოვნების თეორეტიკოსი, საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა პეტერბურგის ბარონ ალექსანდრ შტიგლიცის სახელობის სამხატვრო-სამრეწველო აკადემიაში. იმოგზაურა კავკასიაში. 1917 წ. ბათუმში მოაწყო პირველი პერსონალური გამოფენა. 1922-23 წწ. დააარსა ბათუმის სამხატვრო სასწავლებელი. იყო მის მიერვე დაფუძნებული ხელოვანთა საზოგადოების თავმჯდომარე. მხატვარი უპირატესობას ანიჭებდა პეიზაჟის ჟანრს, რომელშიც რეალისტური დამაჯერებლობით გადმოსცემდა გარემომცველ გარემოს, ამა თუ იმ ადგილის დამახასიათებელ ნიშნებს, ლანდშაფტის ხასიათს. ასეთივე თვისებებით გამოირჩევა წარმოდგენილი ფერწერული ტილო. სურათზე გამოსახულია შემოდგომის პეიზაჟი, სადაც ბათუმის ერთ-ერთი გარეუბნის კოლორიტული კუთხეა აღბეჭდილი. კომპოზიცია ხასიათდება დახვეწილი ფერადოვნებით, ეფექტური განათებით, ხალისიანი განწყობილებით.