დათო ქორქია - ფერწერა, გრაფიკა. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე ფერწერის განხრით გამოჩენილი მხატვრის გივი აღაპიშვილის სახელოსნოში (1990-92), პარიზის ამერიკული აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე (1993-96). მუშაობს პორტრეტის, პეიზაჟის ჟანრში, ქმნის აბსტრაქტულ და კონცეპტუალურ კომპოზიციებს. წარმოდგენილ სურათზე აღბეჭდილია თბილისის მწერალთა სახლის ეზო - ეს მყუდრო, მზით განათებული, უშფოთველი გარემო იდილიურ განწყობილებას ქმნის. ამ შთაბეჭდილებას უფრო თვალნათელს ხდის წინა პლანზე გამოსახული თვალდახუჭული ახალგაზრდა ქალი, რომელიც მაგიდაზე თავდახრილი ისვენებს და საკუთარ ფიქრებშია ჩაძირული, მის გარშემო იასამნისფერ ყვავილებს დახვეწილი ფერადოვანი აქცენტი შემოაქვს. რაფინირებული ნახატი, რბილი შუქ-ჩრდილოვანი მოდელირება კომპოზიციას ესთეტიკურ გამომსახველობას ანიჭებს.