დიმიტრი ერისთავი - გრაფიკოსი, ილუსტრატორი, კინოს მხატვარი. XX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული მხატვრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე გრაფიკის სპეციალობით გამოჩენილი მხატვრების იოსებ შარლემანის, ლადო გრიგოლიას, სერგო ქობულაძის ხელმძღვანელობით (1950-56). საქართველოს სახალხო მხატვარი (1985), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2006). მუშაობდა პორტრეტის და ნიუს ჟანრში, ქმნიდა მრავალფეროვან ყოფით კომპოზიციებს.
წარმოდგენილ ჟანრულ სცენაში სამი პერსონაჟი მუზიცირებს - ქალები ჩელოზე და ვიოლინოზე უკრავენ, ბიჭი სალამურს აკვნესებს. ისინი თითქოს მელოდიურ ჰანგებს გამოსცემენ და მუსიკით ავსებენ სივრცეს. ნამუშევრის ერთ-ერთ მთავარ გამომსახველობით ხერხს პლასტიკური ხაზი წარმოადგენს, რომელიც შემოწერს მოცულობით ფორმას, რასაც კომპოზიციაში დინამიკა და რიტმი შემოაქვს. დახვეწილი ფერადოვნება, მკაფიო ნახატი, შუქ-ჩრდილის კონტრასტული მონაცვლეობა სურათს ესთეტიკურ იერს, ავტორისათვის ჩვეულ პოეტურ, ლირიკულ განწყობილებას ანიჭებს.