ელენე ახვლედიანი - ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. ახალი ქართული მხატვრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. საქართველოს სახალხო მხატვარი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში 1922 წელს, იყო გამოჩენილი მხატვრის გიგო გაბაშვილის მოწაფე, რის შემდეგაც სწავლა გააგრძელა პარიზის კოლაროსის აკადემიაში 1922-27 წლებში. აქვე მონაწილეობდა „დამოუკიდებელთა“ სალონის გამოფენებში.
ელენე ახვლედიანის მხატვრული მრწამსი მთელი სისავსით მჟღავნდება მის პეიზაჟურ ფერწერაში, იგი ე.წ. “განწყობილების პეიზაჟის” თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი ფართოდ დანახული ინტიმური ლანდშაფტები ბუნების აღქმის ასპექტთა მრავალფეროვნებით, პოეტურობით, დახვეწილი ფერადოვნებით გამოირჩევა.
პეიზაჟი „ხედი აივნიდან” ზემოდან არის დანახული. ბუნება - უსასრულობაში გადაშლილი მთა-ველები, ერთმანეთთან მიჯრით მდგომი სახლების სახურავები რომანტიკული განწყობილების გამომხატველია და მხატვრის შთაგონებითაა გამსჭვალული.