იტალიელი მოქანდაკის ემილიო სანტარელის სკულპტურული კომპოზიცია - „ნიმფა და პატარა ფავნუსი". ხელოვანი სწავლობდა ფლორენციის ნატიფ ხელოვნებათა აკადემიაში. მუშაობდა პორტრეტულ ჟანრში, ქმნიდა რელიგიურ და მითოლოგიურ კომპოზიციებს, მონუმენტურ ქანდაკებებს.
ეს კლასიკურად დახვეწილი სკულპტურული კომპოზიცია გამოსახავს ღვინისა და მხიარულების ანტიკური ღმერთის დიონისეს მუდმივ მხლებლებს. ნიმფა, ბუნების სტიქიური ძალების განსახიერება, წარმოდგენილია მშვენიერი ქალიშვილის სახით, ის ცხოველის ტყავზეა წამოწოლილი, მარჯვენა ხელში ყურძნის მტევანი უჭირავს, რომელსაც თხის ფეხებიანი პატარა ფავნუსი შესცქერის.