ესმა ონიანი - ფერმწერი, გრაფიკოსი, პოეტი, ესეისტი. XX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე გამოჩენილი მხატვრის უჩა ჯაფარიძის სახელოსნოში 1957-63 წლებში. პორტრეტი, ნიუ, თბილისური პეიზაჟი, დიდი თემატიკური კომპოზიციები განსაზღვრავს ესმა ონიანის ჟანრულ დიაპაზონს.
კოლორისტული სიმდიდრით და სულიერი სიღრმით გამოირჩევა ფერწერული ტილო „დედა კრეპდეშინის კაბაში“, იგი ხელოვანის გვიან პერიოდს განეკუთვნება. ესმა ონიანის შემოქმედებაში განსაკუთრებულ ჟღერადობას იძენს ბავშვობის ხატოვანი მოგონებები, რომლებიც გამუდმებით ჩნდებიან მის პოეტურ, ნოსტალგიურ სურათებში. ყოვლისმომცველი მოკაშკაშე წითელი ფერი ანათებს ამ ოჯახურ სცენას, სადაც თავად ავტორი, მისი და და დედაა გამოსახული.