გია ბუღაძე - სერიიდან - „ასურელი მამები“ (ტილო/ზეთი. 240X90. 1987)

კოლექციის შესახებ

გია ბუღაძე - ფერმწერი, გრაფიკოსი, მონუმენტალისტი, ხელოვნების თეორეტიკოსი. თანამედროვე ქართული მხატვრობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე გამოჩენილი მხატვრის კოკი მახარაძის სახელოსნოში 1975-81 წლებში. გია ბუღაძე მრავალმხრივი შემოქმედია. დიდი თემები, ზოგადსაკაცობრიო პრობლემები ასაზრდოებს მის მრავალფეროვან სერიებს - მუსიკიდან, ისტორიიდან, მითოლოგიიდან, სახარებიდან მიღებული ინფორმაცია მხატვრისათვის ცოცხალი სააზროვნო მასალაა.

ცნობილი სერია - „ასურელი მამები“ მოკლებულია თხრობითობას, ისინი აღიქმებიან როგორც ემოციურად მეტყველი სახე-სიმბოლოები. VI საუკუნეში სირიიდან საქართველოში ჩამოვიდა 13 ასურელი მამა, რომლებმაც დიდი ღვაწლი დასდეს ქრისტიანობას. ისინი დაიფანტნენ ქვეყნის სხვადასხვა  კუთხეებში, სადაც სამონასტრო კომპლექსები დააარსეს. ეს ორი ფერწერული ტილო უშუალოდ წმ. მამა დავით გარეჯელის მოღვაწეობას ეძღვნება, რომელმაც ხრიოკი უდაბნო აყვავებულ ქალაქად გადააქცია.

გაზიარება