ირაკლი წულაძე __ მოქანდაკე. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის, ქანდაკების განყოფილებაზე 1991 -97 წლებში გამოჩენილი ოსტატების ჯუნა მიქატაძის და თენგიზ ღვინიაშვილის ხელმძღვანელობით. მუშაობს მონუმენტური, დაზგური და საპარკო სკულპტურის დარგში. განხორციელებული აქვს თანამედროვე ქანდაკების არაერთი პროექტი საქართველოსა და ლიეტუვაში. ი. წულაძის შემოქმედება ორიენტირებულია ადამიანური ყოფის ნათელი მხარეების აქცენტირებასა და მათთვის ვიზუალური შესატყვისების შექმნაზე. ავტორის მიერ შესრულებული ორიგინალური კომპოზიცია „კოცნა“ წარმოადგენს ქალისა და მამაკაცის ზედმიწევნით სტილიზებული, უტრირებული ფიგურების თავისებურ კომბინაციას, რომლებმაც თითქოს მატერიალური სამყარო გადალახეს და სხვა გრავიტაციულ ველში აგრძელებენ ცხოვრებას.