ივან აივაზოვსკი (1817-1900) - ერთ-ერთი საუკეთესო ,,მარინისტი” მსოფლიო სახვით ხელოვნებაში. 1841 წელს იტალიაში ყოფნის დროს შექმნა ბიბლიური ტილო ,,ქაოსი, სამყაროს შექმნა”, რომელიც რომის პაპმა გრიგოლ XVI-მ შეიძინა და აივაზოვსკი ოქროს მედლით დააჯილდოვა. სამშობლოში დაბრუნებულმა მშობლიურ ქალაქ ფეოდოსიაში ააგო გიმნაზია, ბიბლიოთეკა, არქეოლოგიური მუზეუმი და სამხატვრო სკოლა. ადგილობრივი მოსახლეობა მხატვრის მიმართ დიდ პატივისცემას და მოწიწებას გამოხატავდა. აივაზოვსკიმ 6000-მდე ფერწერული ნამუშევარი შექმნა, იყო პარიზის, რომის, ამსტერდამის, სანკტ-პეტერბურგის სამხატვრო აკადემიების წევრი. 1843 წელს ფლორენციის სამხატვრო აკადემიამ 27 წლის მხატვარი დააჯილდოვა ოქროს მედლით. იგი ამ პერიოდისთვის უკვე დიდ ტალანტად იყო აღიარებული ევროპაში. აივაზოვსკი იმ იშვიათ ხელოვანთა რიგს მიეკუთვნება, რომელსაც სიცოცხლეშივე ხვდა წილად უდიდესი პატივი.