ლადო გუდიაშვილი - ფერმწერი, გრაფიკოსი, ილუსტრატორი, თეატრის და კინოს მხატვარი, მონუმენტალისტი. საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
სწავლობდა თბილისის კავკასიის საზოგადოების ნატიფი ხელოვნების, ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში 1910-14 წლებში. 1917 წ. მონაწილეობდა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ მოწყობილ ტაო-კლარჯეთის ექსპედიციაში, სადაც იღებდა ძველი ქართული ფრესკების პირებს. 1919-26 წლებში მოღვაწეობდა პარიზში, სწავლობდა რონსონის „თავისუფალ აკადემიაში“.
მისი შემოქმედება მოიცავს ერთი მხრივ, ძველი თბილისის ბოჰემური ცხოვრების სცენებს, მეორე მხრივ საქართველოს წარსულით შთაგონებულ ლეგენდებსა და ისტორიულ სიუჟეტებს. ქმნიდა თანამედროვეთა იდეალიზებულ პორტრეტებს.
სიუჟეტურ კომპოზიციებში აღბეჭდილია ამაღლებული გრძნობებით აღსავსე პერსონაჟები, რომლებიც ავტორისეული ფანტაზიით ნასაზრდოებ სამყაროში არიან განსახიერებულნი. ამ მხრივ აღსანიშნავია სტილიზებული ფერწერული სურათი „სიხარული“. კომპოზიციის თავისებური დეკორატიულობა, ნარნარი, გამომსახველი ხაზით შესრულებული უტრირებული ფორმები გამოსახულებას თავისებურ რომანტიკულ ელფერს და ლირიკულ განწყობილებას ანიჭებს.