ლადო გუდიაშვილი - ფერმწერი, გრაფიკოსი, ილუსტრატორი, თეატრის და კინოს მხატვარი, მონუმენტალისტი. საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
სწავლობდა თბილისის კავკასიის საზოგადოების ნატიფი ხელოვნების, ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში 1910-14 წლებში. 1917 წ. მონაწილეობდა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ მოწყობილ ტაო-კლარჯეთის ექსპედიციაში, სადაც იღებდა ძველი ქართული ფრესკების პირებს. 1919-26 წლებში მოღვაწეობდა პარიზში, სწავლობდა რონსონის „თავისუფალ აკადემიაში“.
მისი შემოქმედება მოიცავს ერთი მხრივ, ძველი თბილისის ბოჰემური ცხოვრების სცენებს, მეორე მხრივ საქართველოს წარსულით შთაგონებულ ლეგენდებსა და ისტორიულ სიუჟეტებს. ქმნიდა თანამედროვეთა იდეალიზებულ პორტრეტებს.
ლ. გუდიაშვილის მრავალფეროვან შემოქმედებაში ქალთა სახეებს განსაკუთრებული ადგილი უკავია. მხატვრის ფერწერულ ტილოებსა თუ გრაფიკულ სურათებში წარმოდგენილია სტილიზებული პორტრეტები. ამ მხრივ აღსანიშნავია „ნანული ჩიტით“, რომლის თავისებური დეკორატიულობა, ნარნარი, გამომსახველი ხაზით შესრულებული უტრირებული ფორმები მოდელს ერთგვარ ლირიკულ ელფერს ანიჭებს. მოცემულ სურათზე გამოსახულია ახალგაზრდა ქალი მაღალი ყელით, ნუშისებური თვალებით, ოდნავ შესამჩნევი ღიმილით, რომელსაც თლილ თითებზე ზღაპრული ფრინველი უზის.