მოსე თოიძე - ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებელი, სახალხო მხატვარი (1953). სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის ილია რეპინის სტუდიაში, შემდეგ კი ცნობილი რუსი ოსტატების ლევ დმიტრიევ-კავკაზსკის და ფილიპ მალიავინის სახელოსნოში (1896 – 1901). მ. თოიძე ნაყოფიერად მუშაობდა სახვითი ხელოვნების თითქმის ყველა დარგში, მან დიდი ღვაწლი დასდო საყოფაცხოვრებო და ისტორიულ ჟანრებს, ქმნიდა პეიზაჟებს, ნატურმორტებს, პორტრეტებს. წარმოდგენილი კომპოზიცია მხატვრის ადრეულ პერიოდს განეკუთვნება, სურათზე გამოსახულია დარბაზული ტიპის ინტერიერი თაღებით და რიკულებიანი მოაჯირით. ქვაფენილზე დაგებულ ჭრელ ხალიჩაზე, განთავსებულია ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობილი ოთხი მჯდომარე ქალის ფიგურა, მარჯვნივ კი ხელჯოხით მიმავალი მამაკაცის სილუეტი იკითხება. ნამუშევარი ხასიათდება დახვეწილი ფერადოვნებით, თავისებური დეკორატიულობით.