XX საუკუნის დასაწყისის ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი ნიკო ფიროსმანაშვილი დაიბადა კახეთში სოფელ მირზაანში. სპეციალური სამხატვრო განათლება არ მიუღია. გარკვეული დროის მანძილზე ხატავდა აბრებს თბილისის ღვინის სარდაფებისა და დუქნებისათვის, რამაც გარკვეულწილად განსაზღვრა მისი სურათების თემატიკა: ქეიფის სცენები, თბილისური ტიპები, სპეციფიკური ნატურმორტები. ფიროსმანი არ შემოფარგლულა მხოლოდ ამ სიუჟეტებით, მან შექმნა მთელი რიგი შესანიშნავი პორტრეტებისა, იგი თავისი დროის ერთადერთი ქართველი მხატვარი იყო, რომელიც ანიმალისტურ ჟანრში მუშაობდა. 1912 წელს ფიროსმანის შემოქმედება „აღმოაჩინეს“ ავანგარდისტებმა - ძმებმა ილია და კირილე ზდანევიჩებმა და მიხაილ ლე-დანტიუმ; მისი შემოქმედებით დაინტერესდნენ ქართულ და რუსულ მოდერნისტულ წრეებში, დაიწყეს მხატვრის სურათების შეგროვება და პოპულარიზაცია. გენიალური მარტოსული მხატვარი 1918 წელს თბილისის ერთ-ერთ სარდაფში გარდაიცვალა. ახალგაზრდა ხელოვანების მცდელობების მიუხედავად, ფიროსმანის შემოქმედება სათანადოდ მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ აღიარეს.
სოფლის ბუნებისა და ყოფა-ცხოვრების ამსახველ ჟანრულ სცენას წარმოადგენს სურათი ,,ქალი წველის ძროხას”, რომელიც მხატვრული თვალსაზრისით მუზეუმის ერთ-ერთი ძვირფასი ექსპონატია. ნამუშევარში მოცემულია ფიროსმანისეული ხელწერის დამახასიათებელი ნიშნები: ლაკონური კომპოზიცია და სივრცის გადმოცემის პირობითობა, ფიგურების ფრონტალურობა თუ მკაცრი, ინტენსიური კოლორიტი. სურათზე გამოსახულია ფიროსმანის და - ფეფე, რომელიც იმ სოფლური სიმშვიდის ნაწილი იყო, რაც ასე შორეული რჩებოდა ქალაქიდან. მოქეიფეებით, ორთაჭალის ტურფებითა და „აქტრისებით“ გადაღლილ მხატვარს სწორედ ეს სჭირდებოდა შემოქმედებითი ძალების მოსაკრებად.