რიჰარდ ზომერი - (1866-1939). დაინადა მიუნხენში. 1884-93 წწ. სწავლობდა პეტერბურგის საიმპერატორო სამხატვრო აკადემიაში. 1890-1900-იან წლებში მუშაობდა შუა აზიაში - ტაშკენტში, ბუხარასა და სამარყანდში. ამ პერიოდშია შექმნილი ფერწერული ნამუშევრების სერია შუა აზიის ყოფის ამსახველი სიუჟეტებით, თუმცა, ამ თემას მხატვარი მთელი სიცოცხლის მანძილზე უბრუნდება. 1912-17 წწ. იმოგზაურა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. კავკასიის ისტორია, ყოფა და ტიპაჟები მისი შემოქმედების მნიშვნელოვანი თემა ხდება. გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა საქართველოში. 1939 წელს ზომერი გერმანული კოლონიის სხვა წევრებთან ერთად საქართველოდან გადაასახლეს და მისი კვალიც იკარგება. რ. ზომერის შემოქმედებას ახასიათებს ამ პერიოდისათვის პოპულარული სწრაფვა აღმოსავლური თემატიკისადმი. მას იზიდავს აღმოსავლეთის ყოფის ეგზოტიკა, ხმაურიანი ბაზრებისა და ძველი ქალაქების დაჩრდილულ კუთხეთა ხიბლი, ყოფითი სცენები, სტეპების პეიზაჟები და ა.შ. მხატვრის შემოქმედებითი ოსტატობა შუქ-ჩრდილისა და ფერის ცხოველხატული ეფექტების განსაკუთრებული ჟღერადობით ხასიათდება.