თამარ აბაკელია - მოქანდაკე, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ილუსტრატორი. XX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული მხატვრობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიში გამოჩენილი მოქანდაკეების იაკობ ნიკოლაძისა და ნიკოლოზ კანდელაკის ხელმძღვანელობით (1923-29). თ. აბაკელია დიდი გულისყურით სწავლობდა ქართულ ნაციონალურ ჩაცმულობას, ქართულ სახეებს – ასეთია მისი გრაფიკული სურათი “აჭარელი ქალი”, რომელზეც ტრადიციულ კოსტიუმში გამოწყობილი მჯდომარე ქალია გამოსახული. მდიდარ ეთნოგრაფიულ და ისტორიულ მასალაზე დაყრდნობით მხატვარმა შექმნა აკადემიური მანერით აღბეჭდილი მრავალფეროვანი ნიმუშები.