ვახტანგ (ბესო) ბესელია - ფერმწერი, გრაფიკოსი, სცენოგრაფი. თანამედროვე ქართული ხელოვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნების ფაკულტეტზე გამოჩენილი მხატვრის ფარნაოზ ლაპიაშვილის სახელოსნოში 1964-70 წლებში. მხატვრის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია პორტრეტს, თუმცა ის ნაყოფიერად მუშაობს ნატურმორტის და პეიზაჟის ჟანრშიც, ქმნის ნამუშევრებს ბიბლიურ სიუჟეტებზე. შთამბეჭდავია ვახტანგ ბესელიას ნატურმორტების ციკლი მუსიკალური ინსტრუმენტების თემაზე, რომლებიც ფაქტურულობისა და საგნობრიობის მძაფრი შეგრძნებით გამოირჩევა.