ვერა ფაღავა - ფერმწერი, გრაფიკოსი, დეკორატორი. ომისშემდგომი თაობის პარიზული ავანგარდის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. დაიბადა თბილისში, 1923 წლიდან მოღვაწეობდა საფრანგეთში, სადაც მთელი ცხოვრება გაატარა. სწავლობდა რონსონის აკადემიაში (1932-39). 1950-იანი წლებიდან, საკუთარი მხატვრული ფორმის ჩამოყალიბების პროცესში, ვ. ფაღავა ლირიკულ აბსტრაქციამდე მივიდა - „წონასწორობა, მედიტაცია და სიჩუმე თანამედროვე სამყაროს მოუსვენრობასა და შფოთში“ - ასეთია ხელოვანის შემოქმედებითი მრწამსი.
წარმოდგენილი რაფინირებული პეიზაჟი, რომელიც გარდამავალ ფაქიზ ტონებშია შესრულებული, ასახავს არა იმდენად კონკრეტულ ობიექტს, რამდენადაც გარემომცველ სივრცეს და სინათლეს, რაც უსასრულობის გარკვეულ ილუზიას ქმნის.