მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში სამუზეუმო საათის ფარგლებში ჩატარდა ფილოლოგიის დოქტორის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, თამარ სირაძის საჯარო ლექცია თემაზე: ,, უილიამ გოლდინგი’’. ლექციის თემა გახლდათ სერ უილიამ ჯერალდ გოლდინგის ცხოვრება და შემოქმედება. ბრიტანელი მწერლის, ბუკერისა და ნობელის პრემიის ლაურეატის, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი ლიტერატორის უილიამ გოლდინგის ცხოვრების გზა საინტერესო და სამაგალითოა მომავალი თაობებისათვის. ახალგაზრდა მსმენელში განსაკუთრებული ინტერესი მწერლის ყველაზე ცნობილმა ნაწარმოებმა - ,,ბუზთა ბატონმა’’ გამოიწვია.გოლდინგმა იგი 40 წელს გადაცილებულმა დაწერა. საგულისხმოა, რომ ეს არის უამრავი სიმბოლიკით დატვირთული ერთგვარი ლიტერატურული პაროდია, ,,რობინზონიადას’’ ერთ-ერთი ვარიანტი. სკოლის მოსწავლეებისათვის ამ რომანში წამოჭრილი პრობლემატიკა ძალზედ აქტუალური და თანამედროვე აღმოჩნდა, რადგან ამ ნაწარმოებით გოლდინგმა არაერთი სტერეოტიპი დაანგრია და უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრილი სკოლის მოსწავლეების მაგალითზე შეულამაზებლად ასახა ადამიანის ქვეცნობიერში ცივილიზებულობის მიღმა მიმალული ურჩხული.