12 აპრილს ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში გაიმართა გამოფენა: "ბათუმი - ფოტოგრაფთა ობიექტივში."

გამოფენის შესახებ

თარიღი:

12 აპრილს ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში გაიმართა გამოფენა: "ბათუმი - ფოტოგრაფთა ობიექტივში."
ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ფონდებში დაცული, მეოცე საუკუნის დასაწყისში ცნობილ ფოტოგრაფთა მიერ გადაღებული საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი არაჩვეულებრივი ფოტოები. ისინი 1913 წლით თარიღდებიან და მათი ავტორები უცნობია.
ექსპოზიციას უჩვეულოდ ბევრი სტუმარი ეწვია, მათ შორის ცნობილი ფოტოგრაფები: გიზო ჩიგოგიძე, სეირან ბაროიანი, გურამ ტურაშვილი, ზაალ შენგელია, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის მმართველი, პროფესორი ოთარ გოგოლიშვილი, რელიგიის მუზეუმის მმართველი - გურანდა დოლიძე და რაც მთავარია ჩვენი საყვარელი ბათუმელები.
დამთვალიერებელი მოიხიბლა ძველი ბათუმის ფოტოებით, რადგან მათში ასახულმა ზღვისპირა ქალაქის განუმეორებელმა ეგზოტიკამ სტუმრები გასული საუკუნის ბათუმში დააბრუნა.
საზოგადოების არანაკლები ინტერესი გამოიწვია ბათუმის შესახებ გადაღებულმა დოკუმენტურმა ფილმმა, რომელშიც საუკეთესოდ იყო წარმოჩენილი ძველი და ახალი ბათუმის კულტურული ცხოვრების ეპიზოდები, ბათუმური ცხოვრების წესი და ტრადიციები, ქალაქის ღირშესანიშნაობანი და ზღვისპირა ქალაქის საოცარი მიმზიდველობა.
გამოფენის დასასრულს მუზეუმის მმართველის, მედეა ჩარკვიანის ინიციატივით დამსწრე საზოგადოებამ საკუთარი სურვილები სიმბოლურ ნატვრის ხეს წერილობით გაუმხილა...
გზავნილებიდან ცნობილი გახდა, რომ სტუმართა უმეტესობისათვის ბათუმი ცისფერ, თეთრ ან ლურჯ ფერთან ასოცირდება...
ბათუმელთათვის ყველაზე საყვარელი ადგილი - ბულვარია...
სტუმართა დიდი უმრავლესობა მოხიბლულია საკუთარი ქალაქის სილამაზით...
თითქმის ყველა მოზარდს და ახალგაზრდას აქვს სურვილი, რომ მათ საყვარელ ქალაქში ბევრი პარკი, ბაღი, სკვერი და სათამაშო მოედანი იყოს.
რაც მნიშვნელოვანი და სასიხარულოა: ბათუმური ფოტოების ვერნისაჟს სისტემატური ხასიათი ექნება.

გაზიარება