ჩაის ჩინელი მეწარმე ლაო ჯინ ჯაო მე-20 საუკუნის 10-20-იან წლებში ცხოვრობდა ჩაქვში. მუზეუმში დაცულია ლაო ჯინ ჯაოს პირადი ნივთები: წყვილი ქოში, ქუდი, რომელსაც ის ჩაიში მუშაობის დროს იყენებდა. ასევე, ლარნაკები, ვაზები და სხვა ნივტები, რომლებიც ჩაის კულტურასთან არის კავშირში და რომელთანაც შეხება ჰქონდა ჩინელ მეწარმეს. ჩაი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სასმელია, რომელსაც სასიამოვნო გემოსა და სამკურნალო თვისებებთან ერთად, ხანგრძლივი ისტორიაც აქვს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ჩაის სამშობლო არაა, გასულ საუკუნეში ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობაში ჩაის მრეწველობას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. ქართული ჩაის ისტორია მე-19 საუკუნეში, დასავლეთ საქართველოში დაიწყო. ჩაის მიმართ ინტერესი გურიის სამთავროს უკანასკნელმა მთავარმა მამია მე-5 გურიელმა, ჯერ კიდევ 1809 წელს გამოხატა და პირველი ბუჩქები საკუთარ ბაღში დარგო. ჩაის პოპულარობის ზრდასთან ერთად მისი გავრცელების არეალიც გაფართოვდა: გურია, სამეგრელო, აფხაზეთი, იმერეთი, აჭარა -დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული კლიმატი ჩაის მოსაშენებლად ხელსაყრელი აღმოჩნდა. მე-19 საუკუნის მიწურულს, საქართველოში ჩინელი მეჩაიე ლაო ჯინ ჯაო ჩამოვიდა. 1900 წელს ლაო ჯინ ჯაოს მიერ საქართველოში მოყვანილმა ჩაიმ Paris World Expo-ს გამოფენაზე მოიპოვა ოქროს მედალი წარწერით - " კავკასიის ჩაი მსოფლიოში საუკეთესოა". აღსაღნიშნავია, რომ ამ გამოფენაზე, ჩინეთის გარდა, ჩაის მწარმოებელი ყველა ქვეყანა მონაწილეობდა.