2024 წლის 18 დან 25 მაისამდე მუზუმების კვირეული აღინიშნება.

2024 წლის 18 დან 25 მაისამდე მუზუმების კვირეული აღინიშნება. მუზეუმების კვირეული მუზეუმის საერთაშორისო დღეს 18 მაისს უკავშირდება, რომელიც მუზეუმების საერთაშორისო საბჭომ (ICOM) 1977 წელს დააფუძნა საზოგადოების განვითარებაში მუზეუმის როლის გაცნობიერების მიზნით. ყოველწლიურად მუზეუმის საერთაშორისო დღის თემა მუშავდება ICOM-ის ექსპერტთა ქსელის მიერ და წელს ძირითად თემას წარმოადგენს „მუზეუმები განათლებისა და კვლევებისთვის.“ მთელი კვირის განმავლობაში მუზეუმებში არა ერთი ღონისძიება და აქტივობაა დაგეგმილი.
კვირეული დღეს საზეიმოდ გაიხსნა აჭარის ხელოვნების მუზეუმში, სადაც გამოფენილი იყო ქართული სამოსი ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ფონდებიდან, ასევე გამოფენას ამშვენებდა გონიოს ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტორული კომპლექსიდან წარმოდგენილი, არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული არტეფაქტების მცირე რაოდენობა და რომაული სამხედრო აღჭურვილობის რეპლიკები.
ღონისძიებისთვის სპეციალურად მოწვეულმა ბათუმის მუსიკალური ცენტრის ქალთა აკადემიურმა კამერულმა გუნდმა, დირიჟორ ზაირა ვადაჭკორიას ხელმძღვანელობით, შესანიშნავი მუსიკალურ ნომრები შეასრულა.
 საზეიმოდ დაჯილდოვდნენ 2023 წელს გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისათვის სსიპ აჭარის მუზეუმის თანამშრომლები.
ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ქალბატონი მაია ხაჯიშვილი, მოადგილე აკაკი ძნელაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ აჭარის მუზეუმი მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს ICOM-ისა და ევროპის მუზეუმების ორგანიზაციის NEMO-ს ოფიციალური ინსტიტუციური წევრი გახდა.