მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ სსიპ აჭარის მუზეუმი ორი გლობალური ორგანიზაციის - მუზეუმების საერთაშორისო საბჭოსა (ICOM) და ევროპის მუზეუმების ორგანიზაციის(NEMO) ინსტიტუციური წევრი გახდა.
ICOM - მუზეუმების საერთაშორისო საბჭო 1946 წელს შეიქმნა პარიზში (საფრანგეთი). იგი არის საერთაშორისო ორგანიზაცია მეზეუმებისა და მეზეუმების სპეციალისტების, რომლებიც ემსახურებიან მსოფლიო ბუნებრივ-კულტურული მემკვიდრეობის შენახვას, განვითარებას და საზოგადოებასთან ურთიერთთანამშრომლობას. აერთიანებს 138-ზე მეტი ქვეყნის 45 493 წევრს, 119 ეროვნულ კომიტეტს და 32 საერთაშორისო კომიტეტს. წესდების თანახმად, ორგანიზაციის მიზნები და ამოცანებია:
მსოფლიოში სამუზეუმო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა;
კულტურული მემკვიდრეობის და ფასეულობების დაცვა და მათი არაკანონიერი ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა;
მუზეუმების თანამშრომელთა სწავლება და პროფესიონალური სტანდარტების ამაღლება;
მუზეუმებისა და მათი თანამშრომლებისთვის დახმარების გაწევა;
სხვადასხვა ქვეყნების სამუზეუმო დაწესებულებების და სპეციალისტების ურთიერთთანამშრომლობისთვის ხელშეწყობა.
NEMO - ევროპული სამუზეუმო ორგანიზაციების კავშირი შეიქმნა 1992 წელს, როგორც ეროვნული სამუზეუმო ორგანიზაციების დამოუკიდებელი ქსელი, რომელიც წარმოადგენს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სამუზეუმო საზოგადოებას. NEMO-ს წევრები ევროპის 40 ქვეყნის 30000-ზე მეტ მუზეუმია. ორგანიზაციის ხედვაა: მუზეუმები იცავენ ადამიანის შექმნილი და ბუნებრივი სამყაროს ხელშესახებ და არამატერიალურ მტკიცებულებებს მიმდინარე და მომავალი თაობებისთვის; მუზეუმების კოლექციები მოგვითხრობს მრავალფეროვან ისტორიებს, წარსულისა და აწმყოს ისტორიის ინტერპრეტაციას; მუზეუმები ხელს უწყობენ დიალოგს, სტიმულს გვაძლევენ ვიფიქროთ, ვისწავლოთ და დავფიქრდეთ; განსხვავებების აღსანიშნავად და საერთოობის აღმოსაჩენად; მუზეუმები ხელს უწყობენ კულტურული ფაქტორების განვითარებას; ისინი ქმნიან მეხსიერებას და იდენტობას და ასტიმულირებენ შემოქმედებითობას, მრავალფეროვნებას და ცოდნას; მუზეუმები გადამწყვეტია დღევანდელი საზოგადოების მშენებლობისთვის.