1 ივნისს, უნგრეთში,ბათუმთან დამეგობრებულ ქალაქ კესტჰეიში გამართულ ფესტივალზე ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ აჭარის კულტურულ მემკვიდრეობას, ტრადიციებს, ქართულ პოლიფონიურ სიმღერას, ცეკვას, აჭარის ეთნოგრაფიასა და ტურისტულ პროდუქტებს . ფესტივალის ფარგლებში ქალაქის მთავარ მოედანზე მოეწყო ღვინის, ჩურჩხელის მასტერკლასები და აჭარის ეთნოგრაფიული კუთხე, სადაც ვიზიტორებს დეგუსტაციისა და აჭარის საპრომოციო მასალების გაცნობის საშუალება ჰქონდათ. საიუბილეო ღონისძიებაზე სსიპ აჭარის მუზეუმი საგამოფენო სივრცით წარსდგა , სადაც გამოფენილი იყო მე-18-19 საუკუნის აჭარის ყოფისა და კულტურისათვის დამახასიათებელი უნიკალური ექსპონატები, რომლებიც ინახება აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში. ესენია: ტრადიციული აჭარული ნაქარგობისა და ქსოვის იშვიათი უნიკალური ნიმუშები, ყოფითი ცხოვრების ამსახველი საოჯახო ხის ნივთები და სხვა. გარდა გამოფენაზე წარმოდგენილი ნივთებისა, ღონისძიებაზე მოსული სტუმრებისთვის ხელმისაწვდომი იყო ტრადიციული აჭარული ნაქარგობების მასტერკლასი, რომლის დროსაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ მონაწილეობა ქარგვა-ქსოვის პროცესში.