სსიპ აჭარის სამუზუმო გაერთიანებას, საკარმიდამო ნაკვეთში შემთხვევით გამოვლენილი არტეფაქტების აღმოჩენის და მისი ისტორიული მნიშვნელობის დაზუსტების თაობაზე მოქალაქეებმა მომართეს.

სსიპ აჭარის სამუზუმო გაერთიანებას, საკარმიდამო ნაკვეთში შემთხვევით გამოვლენილი არტეფაქტების აღმოჩენის და მისი ისტორიული მნიშვნელობის დაზუსტების თაობაზე მოქალაქეებმა მომართეს. არქეოლოგების თამარ შალიკაძისა და იზო დუმბაძის მიერ განხორციელდა საველე დაზვერვები, რომლის დროსაც ადგილზე მოხდა დამატებითი ინფორმაციის მოძიება, ფოტოფიქსაცია და ნაწილობრივ შეგროვებული მასალის წარმოდგენა მუზეუმში სამომავლო კვლევისათვის:

• ქალაქი ბათუმი, მწვანე კონცხი, გაზაფხულის ქუჩა #22-ში მეპატრონე ედვარდ ბასილაძის მიერ ეზოში გარკვეული სახის სამუშაოების განხორცილებისას შემთხვევით გამოავლინა რამდენიმე საუკუნოვანი ქვევრი. სადაზვერვო ჯგუფს საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა ოჯახის უხუცესმა წევრმა, გენადი ბასილაძემ. მისი გადმოცემით ამ კარმიდამოში ადრეც არაერთხელ უნახავთ მთლიანი ქვევრები. შემდგომში მომხდარა ბორცვის ნიველირება საცხოვრებელი სახლების აგების მიზნით. ჩანს ისტორია დიდი მოცულობის მარანს უკავშირდება. ცხადია ამჯერად ნაპოვნი ქვევრიც მარნის კომპლექსს მიეკუთვნება. ქვევრი დაფლულია სპეციალურად ჩაჭრილ თირ ნიადაგში, ხოლო გამაგრებისა და დრენაჟის მიზნით გაკეთებული აქვს კირქვისა და კენჭნარის მძლავრი ფენა. მსგავსი ქვევრები აჭარაში განვითარებული და გვიანი შუასაუკუნეებით დათარიღებულ არაერთ არქეოლოგიურ ძეგლზე ფიქსირდება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ინტენსიურ ხასიათს.

• ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. მახოში მცხოვრებმა ნოდარ სარიძემ საკარმიდამო ნაკვეთში წარმოებული მიწის სამუშაოების დროს შემთხვევით მოიპოვა ქვევრი. ქვევრი ხასიათდება პროპორციებით, კეცითა და გამორჩეული ორნამენტაციით. მისი ინფორმაციით სამოსახლოს გამართვის დროს გასულ წლებშიც გამოვლენილა რამდენიმე ქვევრი. ქვევრის აღმოჩენის ადგილზე დავაფიქსირეთ საქართველოში გავრცელებული აბორიგენული ვაზის შემდეგი ჯიშები: ცხენის ძუძუ, ცოლიკაური, საფერავი.

• ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში მცხოვრებმა მალხაზ თავართქილაძემ, სამანქანე გზის გაყვანის დროს, შეაგროვა შემთხვევით გამოვლენილი არტეფაქტები, ესენია: ლითონის სადნობი ქურის შელესილობის ფრაგმენტები, წიდები, თიხისაგან დამზადებული მძივის ჩამოსასხმელი ყალიბი და სხვა ჭურჭლის ნატეხები, რომლებიც წინასწარეულად გვიან ბრინჯაო ადრერკინის ხანით შეიძლება დათარიღდეს. სადაზვერვო ჯგუფის მიერ მოხდა აღმოჩენის ადგილის დათვალიერება, მასალების შეგროვება და ფოტოფიქსაცია.