4 დეკემბერს დაიბადა ზურაბ ნიჟარაძე — ფერმწერი, გრაფიკოსი, XX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული მხატვრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1978), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1979). სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე გამოჩენილი მხატვრის აპოლონ ქუთათელაძის სახელოსნოში (1949-55). ზ. ნიჟარაძის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია თემატიკური მრავალფეროვნება: პორტრეტი, ნიუ, ჟანრული სცენები. მისი ფერწერული ტილოები გამოირჩევა დახვეწილი ფერადოვნებით, ჟღერადი კოლორიტით, რომანტიკული განწყობილებით, რაც ნაწარმოების ჰარმონიულ მთლიანობას ქმნის. მხატვრის შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია სახვითი ხელოვნების ჟანრს - ნიუ. ფერწერული ტილო - ,,ქალი ძაფის გორგლებით“ - შიშველი ნატურების ციკლის ერთ-ერთი მომხიბლავი ნიმუშია.