საგანმანათლებლო პროგრამა - მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული არქეოლოგიური ძეგლები აჭარაში.
პროგრამა განკუთვნილია VII–XII კლასის მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის. პროგრამის მსვლელობისას გამოყენებული იქნება ინტერაქტიული მეთოდი, დასკვნით ნაწილში მოსწავლეებს საშუალება ექნებათ გამართონ დისკუსია, პროგრამა გაფორმებული იქნება აუდიო-ვიზუალური მასალით.
აჭარა მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერაა, რაც დადასტურებულია მეურნეობის ამ დარგთან დაკავშირებული მატერიალური ძეგლებითა და ეთნოგრაფიული მასალებით. აღსანიშნავია, რომ აჭარის არქეოლოგიურ ძეგლებზე მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული არქეოლოგიური მასალის მომრავლება სახეზეა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანიდან.
მევენახეობა-მეღვინეობის განსაკუთრებული აღმავლობა შეინიშნება ანტიკურ ხანაში, რაც გამოწვეული იყო იმ მოვლენით, რომ ძვ.წ. VII ს-ის დასასრულსა და VI საუკუნის დამდეგიდან კოლხეთი აქტიურად ჩაება დიდი ბერძნული კოლონიზაციის პროცესში. აჭარის ანტიკური ხანის მევენახეობა-მეღვინეობის შესასწავლად ფართო ინფორმაციის მომცველია ფიჭვნარის ნაქალაქარისა და ძვ.წ. V-IV სს კოლხურ და ბერძნულ ნეკროპოლისებზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალები (სასუფრე, სამეურნეო დანიშნულების და ღვინის ტრანზიტისათვის განკუთვნილი ჭურჭლები). ბერძნული ნეკროპოლისზე გამოვლენილ არტეფაქტებში განსაკუთრებული ადგილი უკავია ღვინის გაზავებასთან დაკავშირებულ ცნობილი მხატვრების მიერ შექმნილ წითელფიგურულ კრატერებს.
მევენახეობა-მეღვინეობას აჭარაში განსაკუთრებით საინტერესო და რთული ისტორია აქვს მე-17 საუკუნიდან. XVI საუკუნის 60-იანი წლებიდან სამხრეთ- დასავლეთ საქართველოს ტერიტორია ოსმალებმა დაიპყრეს და საკუთარი ხელისუფლების დამყარებას შეეცადნენ. ოსმალურმა რეჟიმმა ისლამური კანონების თანახმად აკრძალა ღვინის წარმოება-გამოყენება.
აჭარის ტერიტორიაზე არაერთი სხვადასხვა ტიპის მარან-საწნახელია გამოვლენილი და შესწავლილი (ჩაქვის ჩაისუბანი, კაპნისთავი, ზესოფელი, სინდიეთი, ორცვა, ახალშენი, მახო, ზუნდაგა, მახუნცეთი, კორომხეთი და ა.შ) ცალკე კვლევის საგანია აჭარისათვის დამახასიათებელი ვაზის აბორიგებული ჯიშები.
ღვინოს განსაკუთრებული როლი უჭირავს ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში, ხოლო ვაზისა და ყურძნის მოტივებს, გაბატონებული ადგილი უჭირავს ეკლესიების არქიტექტურასა და ჩუქურთმა-მხატვრობაში. აღსანიშნავია, რომ აჭარაში გამუსლიმანების შემდეგაც ხის ოსტატები ჯამეების ინტერიერზე, ვაზს რელიეფურად გამოსახვდნენ.