ხელოვნება უკვდავია
1901 წლის 18 აპრილს დაიბადა ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი ელენე ახვლედიანი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1960). რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1971). სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, იყო გიგო გაბაშვილის მოწაფე. 1922-27 წწ. სწავლა გააგრძელა პარიზის კოლაროსის აკადემიაში. აქვე მონაწილეობდა „დამოუკიდებელთა“ სალონის გამოფენებში.
ელენე ახვლედიანის მხატვრული მრწამსი მთელი სისავსით მჟღავნდება მის პეიზაჟურ ფერწერაში, იგი ე.წ. “განწყობილების პეიზაჟის” თვალსაჩინო წარმომადგენელია. მუზეუმის მუდმივმოქმედ კოლექციას ამდიდრებს ოსტატის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.