ონლაინ რესურსები

XIX საუკუნის 80-იან წლებში ბათუმის ირგვლივ მიმდებარე ტერიტორიები ჭაობით იყო დაფარული. სისტემატიურად მძვინვარებდა მალარია და სხვა ეპიდემიური დაავადებები.

XIX საუკუნის 80-იან წლებში ბათუმის ირგვლივ მიმდებარე ტერიტორიები ჭაობით იყო დაფარული. სისტემატიურად მძვინვარებდა მალარია და სხვა ეპიდემიური დაავადებები. მთავრობამ გენერალ გ. ჟილინსკის დაავალა შეედგინა პროექტი ჭაობების ამოშრობის მიზნით. 1882 წელს გ. ჟილინსკის ხელმძღვანელობით გაყვანილი იქნა პირველი მაგისტრალური არხი, რომელიც ქალაქს მთელ სიგრძეზე კვეთდა. არხის მარშრუტი ასეთი იყო: იწყებოდა მდინარე მეჯინისწყალთან, მიუყვებოდა ახლანდელი ინასარიძის ქუჩას. ინასარიძისა და კობალაძის ქუჩების კვეთიდან მიუყვებოდა კობალაძის ქუჩას, გადიოდა გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, შემდეგ მიემართებოდა ბაგრატიონის ქუჩისაკენ, საიდანაც გადიოდა ერისთავის ქუჩაზე, გოგოლის ქუჩაზე და უერთდებოდა მდინარე ბარცხანას. არხის სიგრძე უდრიდა 4336 მეტრს.
1904 წლის ნოემბრიდან ჟილინსკის არხი ჩააღრმავეს და გააფართოვეს. გაყვანილი იქნა პავლოვის, ანდრევის და ივანოვის სანიაღვრე არხები. ასევე გვერდითი სანიაღვრე არხების მთელი ქსელი. პარალელურად წარმოებდა ქალაქის დადაბლებული ადგილების ხრეშითა და გრუნტით მოზვინვა. ამ სამუშაოების შედეგად შესაძლებელი გახდა დაჭაობებული ადგილების მთლიანად ამოშრობა. ჟილისკის არხის მშენებლობა დასრულდა 1909 წელს.
დღეისათვის შენარჩუნებულია არხის მხოლოდ ¼ ნაწილი. არხის ნაწილის ლიკვიდაცია განხორციელდა XX საუკუნის 40-იან წლებში.

გაზიარება