ონლაინ რესურსები

XIX საუკუნის ბოლოს ბათუმის ქუჩებში მხოლოდ ფორნები და ეტლები დადიოდა.

ბათუმის ისტორიიდან
XIX საუკუნის ბოლოს ბათუმის ქუჩებში მხოლოდ ფორნები და ეტლები დადიოდა. 1894 წლისათვის ბათუმში 96 მეეტლე ყოფილა, ხოლო ფორნების მეპატრონეების რაოდენობა ოთხასს აღწევდა. ფორნების სიმრავლე ტვირთის გადაზიდვის აუცილებლობასთან იყო დაკავშირებული. მეფორნეები, ძირითადად გემებიდან ქარხნებამდე და პირიქით ეზიდებოდნენ ნავთობპროდუქტებს.
ეტლი უფრო ფუფუნების საგანი იყო. ქალაქი პატარა იყო, თუმცა ეტლებზე მოთხოვნა მაინც საკმაოდ დიდი იყო, განსაკუთრებით შაბათ-კვირას, როცა შეძლებული ბათუმელები სასეირნოდ ქალაქგარეთ, მახინჯაურში და მწვანე კონცხზე მიდიოდნენ.
ეტლით მომსახურეობის ფასი დროის მიხედვით დგინდებოდა. მაგალითად, ღამის პირველი საათიდან დილის 7 საათამდე ეტლის მომსახურების საფასური ორმაგდებოდა. არსებობდა ერთი დაუწერელი წესიც. ახალი წლის პირველ ღამეს, ქრისტეშობასა და ნათლისღებას, დაწესებული ნიხრი არ მუშაობდა და ეტლის დაქირავება მეეტლესთან გარიგებით იყო შესაძლებელი.
მეეტლეებს ისე მეფორნეებს სათანადო ნიშანი ჰქონდათ. უკვე არსებობდა და საკმაოდ მკაცრიც იყო მართვის წესები. მეეტლეებს თან უნდა ჰქონოდათ პირადობის მოწმობა, უნდა ყოფილიყვნენ სუფთად ჩაცმულნი, არ უნდა მოეწიათ თამბაქო, არ შეიძლებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში ტრანსპორტის მართვა, ასევე არ უნდა გადაეყვანათ ხმაურიანი და მოჩხუბარი მგზავრები. ეკრძალებოდათ ზანზალაკების არადანიშნულებისამებრ გამოყენება.

გაზიარება