აბანდულა - მივიწყებული თამაში ძაფებით, რომელიც აჭარაში ფეიქრობასთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებათა რიგს განეკუთვნებოდა. პატარა გოგონასათვის ძაფის დართვის სწავლება და აღზრდა სოციალიზაციის პროცესისთვის მნიშვნელოვანი საქმე იყო, ის ერთგვარად კურთხევის ხასიათსაც ატარებდა.
აბანდულა გოგონების შრომითი აღზრდის ჩვეულებას წარმოადგენდა, ოღონდ იგი თამაშის სახეს ატარებდა. ქსოვა, მით უფრო ნაქსოვში სახეების გამოყვანა დიდ დაკვირვებას, მოხერხებულობას და გემოვნებას მოითხოვდა. თამაშობდა ორი გოგონა. მოგრძო კანაფის ძაფს ბოლოებს გამოუნასკვავდნენ და შეკრულ ძაფს ორივე ხელისგულზე ჩამოიცვამდნენ, თითებით კი ძაფებს ,,ხლიბავდნენ’’ - გრეხდნენ და თითიდან თითზე გადაჰქონდათ. ამას ძირითადად ორი თითით, საჩვენებლით და ცერა თითით აკეთებდნენ და გამოსახულებები გამოჰყავდათ. ვინც თამაშის პროცესში ახალ ბანდას, გამოსახულებას ვერ ,,ამოიღებდა’’ წაგებულად ითვლებოდა.
ხარიტინ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში დაცულია ჰორიზონტალური საქსოვი დაზგა. დაზგაზე ქსოვა შესაძლებელი იყო ყველანაირი მასალისაგან. საქსოვ მასალად გამოიყენებოდა სელი, მატყლი, კანაფი, აბრეშუმი და ბამბა.