აჭარელ ქალთა ხელსაქმე
საქართველოში და კერძოდ აჭარაში რთვა- ქსოვის და ქარგვის საქმე უძველესი დროიდან მომდინარეობდა. ტრადიციულად ხელსაქმეს მისდევდა ქალების უმეტესობა. ეს ტრადიცია თაობიდან თაობაზე გადადიოდა და ყოველი ქართული ოჯახი ხელსაქმის თავისებურ სკოლას წარმოადგენდა. აჭარელი ქალები ოქრომკედითა და ვერცხლმკედით ამკობდნენ სამოსის ცალკეულ ელემენტებს: თავსაკრავს, სარტყელს, ცხვირსახოცებს, განსაკუთრებით კი ქალის საქორწილო და საგარეო სამოსის გულისპირებს. მხატვრული კერვით ალამაზებდნენ აგრეთვე საოჯახო დანიშნულების საგნებს: მუთაქა-ბალიშისპირებს, ფარდებს. გავრცელებული იყო აგრეთვე მძივებით ქარგვა. მძივებით ამკობდნენ საათისა და ფულის ქისებს, თავსაკრავს, გულისპირს და ა. შ. ხდებოდა ქსოვილებისა და იაზმების (მარლის) მოჩითვა. ოჯახში წინდის ქსოვას მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. გასათხოვარ ქალს სამზითვოდ თავისი ხელით ნაქსოვი 10-15 წყვილი წინდა მაინც უნდა ჰქონოდა.