ონლაინ რესურსები

ბულვარის მშენებლობის გეგმა 1881 წლის ბოლოს უკვე არსებობდა.

ბულვარის მშენებლობის გეგმა 1881 წლის ბოლოს უკვე არსებობდა. ბულვარი იმ ადგილიდან იწყებოდა, სადაც ახლა შადრევნები მდებარეობს და ჯაფარიძის ქუჩის კვეთასთან მთავრდებოდა. შადრევნის მარჯვენა მხარეს უნტერ-ოფიცრის ქვრივს, შერბას ჰქონდა მიწის ნაკვეთი, სწორედ მასთან დაიწყო მოლაპარაკებები მიწის შესყიდვის თაობაზე ქალაქის მაშინდელმა თვითმმართველობამ. ბათუმის ბულვარი შესამჩნევად გაიზარდა და უნივერსიტეტამდე აღწევდა. გამწვანებისთვის პოლკოვნიკი ვოზნესენსკი სწორედ სასურველი პიროვნება აღმოჩნდა, დიდი ენერგია დახარჯა მან ბათუმის გალამაზებისთვის, ფოთიდან გადმოიყვანა ნასწავლი მებაღე გერმანელი - რესლერი, თავისი ხელობის ზედმიწევნით მცოდნე მოხუცი. განიერი ქუჩის ნაპირები შეიმკო დარგული ჭადრებით, ზღვის ნაპირზე დაიწყო მუშაობა, შეუდგნენ ბულვარის კეთებას ქვიშაზე, თუმცა არავის სჯეროდა, რომ აქ ბულვარი გაკეთდებოდა, მაგრამ ვოზნესენსკიც და რესლერი არხეინად განაგრძნობდნენ წამოწყებულ საქმეს – აყრიდნენ ქვიშას მიწას, თხრიდნენ ორმოებს, რგავდნენ მცენარეებს. საბოლოოდ კი ზღვის ნაპირზე გაიშალა ლამაზი ნორჩი ბულვარი. 1884 წელს მოხუცი მებაღე გარდაიცვალა და 1885 წელს დალფონსი ქალაქის მთავარ მებაღედ დანიშნეს. მისი ოცნება იყო აჭარის ფლორა ფრანგული რივიერასთვის დაემსგავსებინა. სამხრეთ საფრანგეთიდან დიდი რაოდენობით შემოჰქონდა მცენარეები, მათ შორის ოლეანდრა, სხვადასხვა სახის პალმა, კიპარისი, კედარი, კრიპტომერია. ის ძირითადად, წიწვოვან მცენარეებს იყენებდა, რაც ქალაქის თვითმმართველობის უკმაყოფილებას იწვევდა. 1888 წლიდან დალფონსი აღარ იყო ქალაქის მთავარი მებაღე, მისი ადგილი რესლერის მოსწავლემ, ტყებუჩავამ დაიკავა, რომელმაც მთავარი აქცენტი სუბტროპიკულ მცენარეებზე გადაიტანა. ასე დაიწყო ბულვარის განაშენიანება და დღეს ზღვისპირა ბულვარი ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

გაზიარება