სსიპ აჭარის მუზეუმს, 61 საგანმანათლებლო პროგრამა აქვს დანერგილი და ისინი მოსწვლეთა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით კომპლექტდება.
დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ პროგრამას „პორტრეტი“. ეს პროგრამა მე-5 კლასიდან მე-10 კლასის ჩათვლით მოსწავლეებზეა გათვლილი. მისი მიზანია მოსწავლეები გაეცნონ ზოგადად პორტრეტის ჟანრს და პორტრეტის სახეობებს (ოფიციალური პორტრეტი, ჯგუფური პორტრეტი, ფსიქოლოგიური პორტრეტი, ოჯახური პორტრეტი და სხვა). მონაწილეებს განუვითაროს დაკვირვების უნარი. შეძლონ ადამიანის ფსიქოლოგიური დახასიათება ამა თუ იმ ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული პორტრეტის მიხედვით. პორტრეტს ძირითადად ხატავენ მოდელის პოზირებისას, რომელიც გადმოსცემს უშუალოდ ამ ადამიანის (პორტრეტირებულის) ინდივიდუალურ ნიშნებს, ფსიქოლოგიურ ტიპს, სულიერ თვისებებს, სოციალურ მდგომარეობას და ა.შ. ამასთან, ოსტატურად შესრულებულ პორტრეტში შეიძლება ამოიკითხოთ თვით მხატვრის სუბიექტური დამოკიდებულება პერსონაჟისადმი.
მოსწავლეები დაათვალიერებენ ძირითად ექსპოზიციაში წარმოდგენილ ფერწერულ და გრაფიკულ პორტრეტებს, გაეცნობიან ცნობილი ქართველი მხატვრების (გ. გაბაშვილი, ლ. გუდიაშვილი, ე.ონიანი, ე. ბაღდავაძე, ა. ძნელაძე და სხვ.) ნამუშევრებს. ასევე გაეცნობიან რეპროდუცირებულ მასალას, მსოფლიო შედევრების მაგალითზე. პროგრამის თეორიული ნაწილის შემდეგ მოსწავლეები დახატავენ პორტრეტებს. პროგრამა ასევე ითვალისწინებს ინტერაქტიულ თამაშს - „ცოცხალი პორტრეტი ჩარჩოში“ (სახალისო ფოტოსესია).