კოლხეთი წარმოადგენდა სამონეტო ცივილიზაციის ქვეყანას. ადგილობრივებთან ერთად მიმოქცევაში იყო საერთაშორისო ინტერლოკალური მონეტებიც. პირველ რიგში აღსანიშნავია ელექტრუმის ქიზიკინები. ამიერკავკასიაში სულ სამი ცალია მოპოვებული, ყოველი მათგანი ფიჭვნარში. აღმოჩენილი მონეტები მიეკუთვნება ძვ. წ. მეხუთე საუკუნის პირველ ნახევარს. ერთზე გამოსახულია მარცხენა მუხლზე ჩაჩოქილი გამარჯვების ღვთაება ნიკე (დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში). მეორეზე აღბეჭდილია თევზისკუდიანი წვეროსანი მამაკაცი, ტრიტონი (დაცულია აჭარის მუზეუმი- ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში). მესამე ქიზიკინზე გამოსახულია ქალაქ ქიზიკის ეპონიმის მეუღლე, ნიმფა კლიტე (დაცულია აჭარის მუზეუმი - ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში).