1924 წლის 20 ნოემბერს დაიბადა ქართველი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი - ირაკლი ოჩიაური.ი. ოჩიაურმა 1951 წელს დაამთვარა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი. სილოვან კაკაბაძის, იაკობ ნიკოლაძის, ვასილ შუხაევის, სერგო ქობულაძის ხელმძღვანელობით.1952–1953 წლებში პირველმა შექმნა ჭედური ნამუშევრები, რამაც ფაქტობრივად საფუძველი დაუდო თანამედროვე ქართული ჭედური ხელოვნების აღორძინებას და შემდგომ განვითარებას.მუშაობდა სახვითი ხელოვნების თითქმის ყველა დარგში: ფერწერაში, გრაფიკაში, ქანდაკებაში, მონუმენტურ დეკორატიულ ხელოვნებაში და ლითონმქანდაკებლობაში. მისი ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია მეტყველი პლასტიკურობა, დაძაბული დინამიკა, რიტმულობა, დეკორატიულობა, მაღალი პროფესიული ოსტატობა.ირაკლი ოჩიაურმა შექმნა კინოდრამატურგ სულიკო ჟღენტის ბიუსტი-ქანდაკება, რომელიც 2007 წელს ბათუმის ბულვარში დაიდგა. ეს არის ავტორის ერთადერთი ქანდაკების ნიმუში, რომელიც ამშვენებს ბათუმს. ამგვარად დიდი მხატვრისა და ბრწყინვალე მოქანდაკის 3 ნიმუშს ფლობს ჩვენი ქალაქი- მათგან ორი ფერწერული ნამუშევარი კი ჩვენს მუზეუმს ამშვენებს. ერთ-ერთი მათგანია ნახატი „ქალიშვილი ბროწეულებით“, რომელიც აჭარის ხელოვნების მუზეუმის ფონდებში ინახება.