წყალყვეშ აღმოჩენილი მასალიდან განსაკუთრებით მრავალრიცხოვანია ამფორები. ამფორა, როგორც თხევადი და მშრალი ნედლეულის გადასატანი საშუალება, წამყვანი იყო როგორც საზღვაო, ისე სამდინარო ტრანსპორტში, რაც მისი სპეციფიკური ფორმის კონკრეტული პირობებისადმი მისადაგებით იყო განპირობებული. გემის ტრიუმის დახრილ კედელზე მიდგმული, ძირით სილის ფენაში ჩაფლული ამფორების პირველი რიგი, შემდეგი რიგებისათვის წარმოადგენდა საყრდენს. ახ.წ. II-III სს დათარიღებული კოლხური ამფორა, აღმოჩნდა ჩოლოქის აკვატორიაში გასული საუკუნის 70-იან წწ. ფოტოზე: ქობულეთელ მეთევზეებს ზღვიდან ამოაქვთ ამფორა. აღნიშნული ამფორა დაცულია ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის წყალქვეშა არქეოლოგიის ექსპოზიციაში.