კანთაროსი აღმოჩენილია ქობულეთში, ფიჭვნარში, 2023 წელს, ელინისტური ხანის ძვ.წ. IV-III საუკუნის სამაროვანზე. სასმისად განკუთვნილი კანთაროსები უკავშირდება მევენახეობა-მეღვინეობის ღვთაების დიონისეს კულტს. ფიჭვნარის მონაპოვრებში სადა ნიმუშებთან ერთად გვხდება კანელურებითა და სუროს ფოთლებით დაფარული ცალები.
ატიკური შავლაკიანი კანთაროსების პოპულარობა ძვ.წ. IV საუკუნიდან იწყება. ამათ წინამორბედებად ე.წ. თასკანთაროსებს მიიჩნევენ. ელინისტური ხანის განმავლობაში თანდათანობით შეინიშნება პროპორციების ამაღლების ტენდენცია.
ფიჭვნარის კანთაროსები ძვ.წ. IV საუკუნის ბოლოთი და III საუკუნის ადრეული საფეხურით თარიღდება. როგორც სადა, ასევე სუროს ორნამენტით შემკულ კანელურებიან კანთაროსებს ეძებნებათ ბევრი პარალელი, ბუნებრივია, მეტ-ნაკლები რაოდენობით ამ ტიპის კანთაროსები გვხვდება როგორც საქართველოში, ასევე ჩრდილო შავზღვისპირეთში.
არტეფაქტი დაცულია ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ფონდებში