ლადო გუდიაშვილი - ფერმწერი, გრაფიკოსი, ილუსტრატორი, თეატრის და კინოს მხატვარი, მონუმენტალისტი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1950), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1966).
სწავლობდა თბილისის კავკასიის საზოგადოების ნატიფი ხელოვნების, ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში (1910-14). 1917 წ. მონაწილეობდა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ მოწყობილ ტაო-კლარჯეთის ექსპედიციაში, სადაც იღებდა ძველი ქართული ფრესკების პირებს. 1919-26 წლებში მოღვაწეობდა პარიზში, სწავლობდა რონსონის „თავისუფალ აკადემიაში“.
მისი შემოქმედება მოიცავს ერთი მხრივ, ძველი თბილისის ბოჰემური ცხოვრების სცენებს, მეორე მხრივ საქართველოს წარსულით შთაგონებულ ლეგენდებსა და ისტორიულ სიუჟეტებს. ქმნიდა თანამედროვეთა იდეალიზებულ პორტრეტებს.
მხატვრის ადრეულ ნაწარმოებთა თემატიკაში წამყვან როლს ასრულებს „კინტოების სერია", ასეთია ფერწერული ტილო „კინტოების ქეიფი". ეგზოტიკური სამყაროს ეს ტიპური წარმომადგენლები - მოქეიფე და დროსტარების მოყვარული ხალხია, სპეციფიკური მანერებითა და სამოსით.