ონლაინ რესურსები

#მივიწყებულიამბები

ლაო ჯინ ჯაო იყო ადამიანი, რომელმაც ჩამოიტანა და დანერგა საქართველოში ჩაის კულტურა. საარქივო წყაროების მიხედვით, ის 1893 წლის ოთხ ნოემბერს ჩამოვიდა ბათუმში ცხრა ჩინელ ჩაის სპეციალისტთან ერთად. თავად ლაო აღნიშნავს, რომ ერთი მათგანი სამშობლოში დაბრუნდა, ხოლო დანარჩენი დაიღუპნენ მალარიით. ლაო ჯინ ჯაოს პლანტაცია ფოტოებზე აღბეჭდა რუსეთის იმპერატორის სახელგანთქმულმა კარის ფოტოგრაფმა სერგეი პროკუდინ-გორსკიმ. ფოტოები ამჟამად ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკაშია შენახული. ლაომ ჩინეთიდან ჩამოიტანა დიდი რაოდენობის ჩაის ნერგი და ჩაის თესლი. დასავლეთ საქართველოს ნესტიანი თბილი ჰავა ჩაის ბუჩქისთვის შესაფერისი აღმოჩნდა, მაგრამ ღამის სიგრილისა და გრძელი ზამთრის გამო ჩაი უფრო ნელა იზრდებოდა ვიდრე მზით განებივრებულ  ტროპიკულ სარტყელში. ზრდის სწორედ ეს ნელი ტემპი აძლევდა ქართული ჩაის ბუჩქებს უნიკალურ მოტკბო, ხავერდოვან გემოს. დასავლეთ საქართველოს გორაკები იდეალური აღმოჩნდა მცირე მოცულობის და მაღალი ხარისხის ჩაის მოსაყვანად. ლაო ჯინ ჯაოს შრომამ ნაყოფი გამოიღო და მსოფლიო მასშტაბის აღიარება მოიპოვა. 1900 წელს პარიზის მსოფლიო გამოფენაზე  ლაო ჯინ ჯაოს გამოყვანილმა ჩაიმ ოქროს მედალი აიღო. თუკი გსურთ უფრო დეტალურად გაეცნოთ ლაო ჯინჯაოს მოღვაწეობასა და ქართული ჩაის მრეწველობის განვითარებას, ეწვიეთ აჭარის მუზეუმი-ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმს.

გაზიარება