ონლაინ რესურსები

#მივიწყებულიამბები-ბათუმის პორტი

1883 წელს გაიყვანეს სამტრედია-ბათუმის სარკინიგზო ხაზი, რომლის საშუალებით ბაქოს ნავთობს გზა გაეხსნა ევროპისკენ. საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა ბათუმის პორტმა თავისი ტვირთბრუნვით. პორტი გახლდათ მოსახლეობის გამდიდრებისა და ქალაქის ინტენსიური ზრდის წყარო. მოხერხებულმა ბუნებრივმა ყურემ, მოგებიანმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ მთელი ამიერკავკასიის შესასვლელთან, უმოკლესმა ტრანზიტმა სპარსეთსა და შუა აზიაში ბათუმის პორტს მტკიცე რეპუტაცია შეუქმნა. ბათუმის გავლით გადიოდა მსოფლიო ბაზრებზე ნავთობი, რომელიც შეადგენდა მთელი ექსპორტის 80%-ს, ასევე მარგანეცი და სხვა ნედლეული. ქალაქში არაჩვეულებრივი სისწრაფით იზრდებოდა საზღვარგარეთის მსხვილი ფირმების ქარხნების რიცხვი, უმთავრესად ეს იყო ნავთობის გასაგზავნი ტარის (ცისტერნების) დამამზადებელი საწარმოები. მოსახლეობის რაოდენობა სწრაფად იმატებდა და 1878 წლის 3 ათასიდან 1882 წლისთვის 8 670 კაცამდე გაიზარდა. 1890 წლის აღწერით ქალაქში უკვე ირიცხებოდა 18 113 კაცი, 1897 წელს - 28 156, 1907 წელს კი 33 543.
1888 წლის 1 ოქტომბერს ბათუმში შემოღებულ იქნა სამოქალაქო მდგომარეობა, მას ქალაქის სტატუსი მიენიჭა. ახალმა საზოგადოებრივმა თვითმმართველობამ საქმიანობა მიმართა ქალაქის გაფართოებისკენ, ცხოვრების სანიტარული პირობების გაუმჯობესებასა და მორთვა-გალამაზებისკენ. რამდენიმე წლის განმავლობაში პორტიდან შემოსული სახსრები თითქმის მთლიანად ხმარდებოდა ქალაქის კეთილმოწყობას. დაიწყო საზოგადოებრივი და სასწავლო დაწესებულებების აგება, საავადმყოფოების, ელექტროსადგურისა და ქალაქის განათების მოწყობა, ჭაობების ამოშრობა, წყალგაყვანილობის გაყვანა, ქუჩების გამწვანება. ყოველივე ეს გაკეთდა ბათუმის და უფრო სწორად მისი პორტის აყვავების პერიოდში.

გაზიარება