საახალწლო ტრადიციები აჭარაში!
ძველი აჭარული ტრადიციის მიხედვით ახალი წლის წეს-ჩვეულებებს მრავალმხრივი ფუნქციონალური დანიშნულება ჰქონდა.
ძველად აჭარაში ახალი წლის შესახვედრად სამზადისი დიდი ხნით ადრე იწყებოდა.
ახალი წლის დადგომამდე, აუცილებლად ოჯახიდან სხვებზე დროებით ნათხოვარი ნივთები შინ უნდა დაებრუნებინათ.
საახალწლო ტრადიციების წეს-ჩვეულებების დიდი ნაწილი ნაყოფიერებას უკავშირდებოდა.
მისაღებ ოთახში შემოჰყავდათ ფერადი ნივთებით შემკული მამალი ცხვარი, ეს იყო ხვავისა და ბარაქის სიმბოლოსთან ასოცირებული.
ახალი წლის დადგომისთანავე მამაკაცი გაისროდა თოფს, ეს მიანიშნებდა
სიხარულსა და სიცოცხლის გაგრძელებაზე, აგრეთვე, დილით ჩადიოდა ბოსელში და რკინის ჯაჭვი გაჰქონდა გარეთ, რაც საქონლის მუდმივ სიმრავლეს უკავშირდებოდა.
ძველად აჭარაში ამ დღესასწაულზე ქალბატონები შემოსილნი იყვნენ წითელი კაბებით, ისინი ტრადიციულად ბრინჯს და შაქარს ურევდნენ ერთმანეთში, ამ მასას კი ყველა ოთახის კუთხეში აბნევდნენ, ეს ტრადიცია დაკავშირებული იყო მთელი წლის სიტკბოებასა და სიუხვის დასაბედებლად.
მეკვლის ტრადიცია მასპინძელი ოჯახისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. პიროვნება, რომელიც პირველი შეაბიჯებდა ახალ წელს ოჯახში, ხვავისა და ბარაქის მომტანი უნდა ყოფილიყო.
ფოტო დაცულია ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ფონდში.