საქართველოში პირველი ქართული სტამბის დაარსება დაკავშირებულია მეფე ვახტანგ VI სახელთან. 1708-1709 წლებში სტამბის გასამართად მან ბულგარეთიდან მოიწვია მიხაი იშტვანოვოჩი, რომელიც მოწაფე გახლდათ ვლახეთში (რუმინეთში) მოღვაწე, ყრმობაში საქართველოდან მოტაცებული და მონად გაყიდული ანთიმოზ ივერიელისა, რომელსაც წარმატებისთვის მიეღწია როგორც განმანათლებელს, სასულიერო მოღვაწეს, სტამბის ამწყობს უცხო მიწაზე. მან სტამბის ასაწყობად საჭირო ტექნიკა და მასალა გაუგზავნა მეფეს და შეიქმნა კიდეც პირველი ქართული საბეჭდი სტამბა თბილისში.
1709 წელს ამ სტამბაში პირველად საქართველოს მიწა-წყალზე დაიბეჭდა ოთხთავი, დავითნი, ხოლო 1712 წელს „ვეფხისტყაოსანი," ვახტანგისეული კომენტარებით. 1723 წელს ოსმალთა შემოსევების გამო სტამბა დაიხურა, ხოლო აღდგა 1745 წელს, მეფე ერეკლე II თაოსნობით. 1879-80 წლებში, ქალაქ ბათუმში, 20-ზე მეტი სტამბა მოქმედებდა, მათგან მხოლოდ რამდენიმე გამოირჩეოდა სიდიდით, ტექნიკური აღჭურვილობით და წარმოების კულტურით. მათ შორის აღსანიშნავია მახარაძის, ხვინგიას, თავართქილაძის, შმაევსკის ტოპოგრაფიული საწარმოები. არასრული ცნობებით, აქ სულ 316 დასახელების წიგნი დაიბეჭდა, ამათგან 116 ქართულ ენაზე. აქვე იბეჭდებოდა ბათუმში გამომავალი ჟურნალ-გაზეთები.