XIX საუკუნის 70-90-იან წლებში საქართველოს ერთ-ერთ სამრეწველო და სავაჭრო ცენტრად გადაიქცა ქალაქი ბათუმი.
სასაქონლო ფულადი ურთიერთობის, კაპიტალისტური წარმოების და ვაჭრობის განვითარების პირობებში თანდათან იზრდებოდა საბანკო კაპიტალის, კრედიტის მნიშვნელობა. ბათუმში გაიხსნა სამაზრო ხაზინა,სახელმწიფო ბანკის ბათუმის განყოფილება, ხოლო 1890 წლის 20 თებერვალს თბილისის კომერციული ბანკის განყოფილება. ბანკისთვის აშენდა სპეციალური შენობა დონდულოვო კორსაკოვისა (ახლა-კონსტანტინე გამსახურდიას) და მარინსკის პროსპექტის (ახლა მემედ აბაშიძის გამზირი) კვეთაში. ბანკი ორგანიზებას უწევდა სასაქონლო-სასესხო ოპერაციებს. გირაოდ ღებულობდა უძრავ-მოძრავ ქონებას და კრედიტებს უხსნიდა ნავთის მრეწველ-ექსპორტიორებს. მისი კლიენტები ნავთობის პროდუქტებს გზვნიდნენ დასავლეთ ევროპის დიდ ქალაქებსა და სხვა მნიშვნელოვან სავაჭრო-სამრეწველო ცენტრებში. თბილისის კომერციული ბანკის მეანაბრე მრავალი ბათუმელი გახდა. 1922 წელს მოხდა ბანკის შენობის ნაციონალიზაცია. საბჭოური პერიოდიდან მას იგივე ფუნქცია შეუნარჩუნდა. ჯერ იყო სახელმწიფო ბანკის ბათუმის განყოფილება, შემდეგ საქართველოს ეროვნული ბანკის ბათუმის განყოფილება. 2010-2011 წლებში შენობას ჩაუტარდა დიდი რეკონსტრუქცია. მიაშენეს კოშკურა და შეიცვალა-გადახალისდა ფასადები ორივე ქუჩის მიმართულებით. კოშკში დამონტაჟდა ციფრული საათი. შენობაში ამჟამად რესტორანი BK ფუნქციონირებს.